ეთიკის კოდექსი

ეთიკის კოდექსი (PDF)

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სენატის

დადგენილება N3

 10 აპრილი 2019 წ.

დამტკიცდეს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები შემდეგი შინაარსით:

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები

დამტკიცებულია:   

წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ

2017  წლის 19  დეკემბერი  ოქმი  N6 (დადგენილება N7)

ცვლილებები:

უს ჯორჯიას სენატის 2019 წლის 10 აპრილი

ოქმი N1 (დადგენილება N3)

თბილისი

თავი I. ეთიკის კოდექსი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას (შემდგომში უს ჯორჯია) ეთიკის კოდექსი წარმოადგენს უს ჯორჯიას პერსონალისა და სტუდენტების ეთიკური პრინციპების, ღირებულებებისა და ქცევის ფორმულირებას. კოდექსი მიზნად ისახავს დაეხმაროს უს ჯორჯიას პერსონალსა და სტუდენტებს იმ ეთიკური საკითხების გადაჭრასა და დადგენაში, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მათი მუშაობისა თუ სწავლის პერიოდში.

1.2. უს ჯორჯიას ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, წინამდებარე ეთიკის კოდექსს, და უს ჯორჯიას დებულებას.

1.3. უს ჯორჯიას თანამშრომლებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ინტელექტუალურ საკუთრებას და აღიარონ თითოეული სტუდენტის უფლება მიიღოს განათლება ძალადობის, დისკრიმინაციისა და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში. პერსონალი და სტუდენტები ასევე თავისუფალნი არიან თავიანთი რელიგიური მრწამსის არჩევაში, თუმცა ვალდებულნი არიან პატივი სცენ სხვის განსხვავებულ შეხედულებებსაც. უს ჯორჯიაში დაუშვებელია ეთნიკურ და რელიგიურ თემატიკაზე კონფლიქტური სიტუაციების შექმნა.

მუხლი 2. უს ჯორჯიას პერსონალის ქცევის წესები და ურთიერთობის ეთიკური სტანდარტები

2.1. უს ჯორჯიას პერსონალი, რომელიც ემსახურება უს ჯორჯიას მისიის განხორციელებას, თავის საქმიანობას უნდა წარმართავდეს კეთილსინდისიერების, პატიოსნებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. იგი ვალდებულია თავისი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე დაიცვას ეთიკური ქცევის პრინციპები.

2.2. აკადემიური და მოწვეული პერსონალი ვალდებულია სისტემატურად იღწვოდეს პედაგოგიური და პროფესიული დონის ასამაღლებლად. ამასთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ეკისრება მოვალეობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ უს ჯორჯიას საზოგადოებრივ, თუ სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში.

2.3. უს ჯორჯიას პერსონალი ვალდებულია თავიდან აიცილონ ან შესაბამისი რეაგირებით შეხვდნენ ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ჩრდილი მიაყენონ უს ჯორჯიას  რეპუტაციას. ასეთ სიტუაციებად განიხილება სტუდენტებთან, კოლეგებთან, უს ჯორჯიას  თანამშრომლებთან და სხვა პირებთან კონფლიქტური, დაძაბული და არაჯანსაღი ურთიერთობები, სხვათა მიმართ უპატივცემლობა და ცინიკური დამოკიდებულება, დაძაბული, ნეგატიური ემოციური ფონის შექმნა და ა.შ.

2.4. უს ჯორჯიას პერსონალმა არ უნდა მოითხოვოს/მიიღოს საჩუქარი ან თანხა და არ უნდა წაახალისოს ვინმე ასეთ ქმედებაზე, თუკი ეს უკავშირდება მათი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

2.5. საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივად განვითარება უს ჯორჯიას მთელი პერსონალის მოვალეობაა. ისინი გამუდმებით უნდა ცდილობდნენ აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაციის ხარისხი.

2.6. უს ჯორჯიას პერსონალი ვალდებულია გაუფრთხილდეს უს ჯორჯიას მატერიალურ -ტექნიკურ ბაზას, გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ და დაიცვას უსაფრთხოების ზომები.

მუხლი 3. უს ჯორჯიას ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ქცევის წესები და ურთიერთობის ეთიკური სტანდარტები

3.1. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მოვალეობაა უს ჯორჯიაში შექმნას სასწავლო სამეცნიერო საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი მორალური, ფინანსურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო გარემო. ამ მიზნით ისინი ვალდებულნი არიან:

– დაემორჩილონ უს ჯორჯიას მიერ დადგენილ წესებს, პროცედურებსა და მოქმედ კანონმდებლობას;

-ეფექტურად გამოიყენონ უს ჯორჯიას ქონება, სამუშაო დრო, ინტელექტუალური შესაძლებლობები და სხვა რესურსები;

-არ გაამჟღავნონ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა ლეგიტიმური საჭიროებისა.

მუხლი 4. უს ჯორჯიას სტუდენტების ქცევის წესები და ურთიერთობის ეთიკური სტანდარტები

4.1. სტუდენტის მოვალეობაა პატივი სცეს უს ჯორჯიას, სადაც იგი ცოდნას ეუფლება. ისწავლოს, მონაწილეობა მიიღოს ჩატარებულ კვლევებში, დაიცვას ეთიკის კოდექსი და უს ჯორჯიაში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, ხელი შეუწყოს უს ჯორჯიას ავტორიტეტის ამაღლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ვალდებულია:

-პატივი სცეს უს ჯორჯიას პერსონალის წარმომადგენლებსა და სხვა სტუდენტებს არ მიაყენოს შეურაცხყოფა და არ განახორციელოს მათ მიმართ სხვა ძალადობრივი აქტები;

-უს ჯორჯიაში იკრძალება იარაღის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების  შეტანა და მოხმარება. აკრძალულია აზარტული თამაშები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არამართლზომიერი ქმედება;

-პირადი სარგებლის სანაცვლოდ, პერსონალის წარმომადგენლებს არ შესთავაზოს ან მოსთხოვოს რაიმე სახის სარგებელი;

არ ჩაიდინოს აკადემიური სიყალბე/პლაგიატი, კერძოდ:

-გადაიწეროს სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან, ან გამოიყენოს სხვა სახის დამხმარე მასალა, რომელიც ლექტორის მიერ წინასწარ არ არის ნებადართული;

-სხვა სტუდენტის ნაცვლად ჩააბაროს გამოცდა ან სთხოვოს სხვა პირს მის მაგივრად გამოცდის ჩაბარება;

-სხვა პირის ნამუშევარი წარმოაჩინოს როგორც საკუთარი;

-შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე მოახდინოს სხვისი ნაშრომის ან გამონათქვამის ციტირება;

-მოიპოვოს და გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ;

-მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს, გაანადგუროს ან შეცვალოს სხვა სტუდენტის ნამუშევარი;

-ხელი შეუშალოს სხვა სტუდენტებს სწავლასა და კვლევის პროცესში საჭირო რესურსებით სარგებლობის დამალვით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით ან განადგურებით;

-ხელი შეუწყოს სხვა სტუდენტს აკადემიურ სიყალბეში;

-მართლსაწინააღმდეგოდ გამოიყენოს ან გააყალბოს კვლევითი სამუშაოების ფაქტობრივი ინფორმაცია;

-სტუდენტი ვალდებულია უს ჯორჯიას მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის სასწავლო კურსი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა. დაიცვას უს ჯორჯიას დებულება და მისი საქმიანობის მარეგულირებელი სხვა წესები (მათ შორის ამ კოდექსით დადგენილი).

-საბაკალავრო ნაშრომის შესრულებისას პლაგიატის აღმოჩენის ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება დაცვაზე, ან იხსნება დაცვიდან, რაც ფორმდება, როგორც უარყოფითი სემესტრული შეფასება. სტუდენტს უფლება აქვს მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეასრულოს ახალი საბაკალავრო ნაშრომი. სტუდენტი ვალდებულია უს ჯორჯიაში დადგენილი წესით და ოდენობით თვითონ დააფინანსოს საბაკალავრო ნაშრომის ხელახალი მომზადება;

4.3. უს ჯორჯიას ტერიტორიაზე სტუდენტთა მხრიდან დისციპლინის ნორმების დაცვას აკონტროლებს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამსახური,  ფაკულტეტის დეკანი ან განსაკუთრებულ შემთხვევებში რექტორი. ამავე დროს დისციპლინის კონტროლი დელეგირებულია პერსონალზე და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანოებზე.

4.4. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას დებულების, ეთიკის კოდექსის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში უს ჯორჯიას პერსონალი უფლებამოსილია დააყენოს დამრღვევი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი. უს ჯორჯიას რექტორი კი უფლებამოსილია, განახორციელოს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა დებულების დამრღვევი სტუდენტის მიმართ.

4.5. აუდიტორიაში სტუდენტის ყოფაქცევაზე პასუხისმგებელია სასწავლო კურსის ხელმძღვანელი. თუ სტუდენტი დაარღვევს წესრიგს ან კანონს და ამით ხელს შეუშლის ლექციის მსვლელობას, ლექტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს სტუდენტს აუდიტორიის დატოვება. შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლექციებზე დასწრების აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ ფაკულტეტის დეკანს ან რექტორს.

თავი II. დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები

მუხლი 5. დისციპლინური წარმოება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები

 5.1. დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები განსაზღვრავს პერსონალისა და სტუდენტების დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური დევნის დაწყების, დისციპლინური წარმოების განხორციელებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს.

5.2. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია:

-მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა;

-უს ჯორჯიას დებულებით და სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

-ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების  დარღვევა;

-ნებისმიერი საქციელი, რომელიც შეიძლება ფორმალურად არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, მაგრამ იგი ეწინააღმდეგება ეთიკურ -ზნეობრივ ნორმებს და სხვა დადგენილ მოთხოვნებს.

5.3.  დისციპლინური წარმოების ვადები

-პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ან აღმოჩენის დღიდან გასულია ორი (2) წელი, ხოლო დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – სამი (3) თვე.

-დისციპლინური საბჭოს მიერ საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვიტის ვადაა განცხადების/საჩივრის მიღებიდან ერთი (1თვე), ხოლო საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისა კი – დისციპლინური დევნის აღძვრიდან ეთი (1) თვე.

-პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქმის განხილვა შეჩერებული ან გადადებულია, არ ჩაითვლება დებულებით განსაზღვრული საქმისწარმოების საერთო ვადაში.

5.4. დისციპლინური სახდელის სახეები

აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებისათვის დაწესებულია დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

-შენიშვნა;

-საყვედური;

-მკაცრი საყვედური;

-სამსახურიდან დათხოვნა;

-ერთჯერადად შრომის თვიური ანაზღაურების 20 % -ის დაკავება.

სტუდენტებისათვის დაწესებულია დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

-შენიშვნა;

-საყვედური;

-მკაცრი საყვედური;

-სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

მუხლი 6.  დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოები და მათი უფლებამოსილებანი

 6.1. უს ჯორჯიაში ეთიკის კოდექსის შესრულება და დისციპლინის მონიტორინგი, ასევე დისციპლინური წარმოება ხორციელდება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოს (შემდგომში დისციპლინური საბჭო) და სათანადო უფლებამოსილების მქონე უს ჯორჯიას სხვა სამსახურების მიერ.

6.2. დისციპლინური საბჭო არის უს ჯორჯიას ძირითადი სტრუქტურული ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან, ასევე უს ჯორჯიას ადმინისტრაციიდან, ბიბლიოთეკიდან, სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან რექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელი/საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს პირველ სხდომაზე, წევრთა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.

6.3. დისციპლინურ საბჭოს გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებები:

-მიიღოს და შეისწავლოს შემოსული ინფორმაცია (განცხადება/საჩივარი);

-შეამოწმოს დისციპლინური დევნის აღძვრისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები;

-განსაზღვროს, უნდა აღიძრას თუ არა დისციპლინური დევნა. ამისათვის დისციპლინურმა საბჭომ უნდა ჩამოართვას ახსნა-განარტებები განცხადება/საჩივრის ავტორს და პირს, რომლის წინააღმდეგაც შემოსულია საჩივარი. დისციპლინურ საბჭომ შეუძლია გაესაუბროს მხარეს და მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება, დოკუმენტების და შესაბამისი მასალების წარდგენა. მან უნდა გაითვალისწინოს შემოსული შუამდგომლობები და დამატებითი ახსნა-განმარტებები. ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, ის გახდება დისციპლინური დევნის განხორციელების საფუძველი;

-დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური დევნის) არაღძვრის შემთხვევაში, მომჩივანს გადასცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;

-განახორციელოს დისციპლინური დევნა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და წარუდგინოს ეს ჯორჯიას რექტორს.

მუხლი 7.  დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი

 7.1.  დისციპლინური წარმოების დაწყება შესაძლებელია უს ჯორჯიას რექტორის, ვიცე რექტორის, სენატის, უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების  სამსახურის, ფაკულტეტის დეკანის, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტური თვითმმართველობის, დისციპლინური საბჭოს, უს ჯორჯიას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა სამსახურის, პერსონალის, სტუდენტის, აგრეთვე იმ პირის მოტივირებული განცხადება/საჩივრის საფუძველზე, რომელსაც მიაჩნია, რომ პერსონალის  ან სტუდენტის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და ინტერესები.

მუხლი 8.  განცხადება/საჩივრის განხილვა და წარმოებაში მიღება

 8.1. დისციპლინურმა საბჭომ, საჩივრის ან განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა შეისწავლოს საქმის მასალები, მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა დისციპლინური დევნის აღძვრის საკმარისი საფუძველი და გამოიტანოს გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრის, ან დისციპლენური წარმოების შეწყვეტის შესახებ.

8.2.  არ უნდა აღიძრას დისციპლინური დევნა, ან უნდა შეწყდეს დისციპლინური წარმოება თუ:

-საჩივარი/განცხადება ან შეტყობინება არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს;

-საჩივარი/განცხადება ან შეტყობინება ინფორმაციის სისწორის შემთხვევაშიც კი არ იძლევა დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველს;

-ვადები დისციპლინური დევნის ან დისციპლინური სახდელის დაწესებისათვის ამოიწურა;

-მოკვლეული მასალები არ იძლევა საფუძველს დისციპლინური დევნის აღძვრისათვის;

-შემოწმებული მასალები მიუთითებს, რომ პირმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული;

-განცხადება/საჩივარი შემოსულია პირზე, რომელიც ამჟამად აღარ არის უს ჯორჯიას პერსონალი ან სტუდენტი.

-თუ საჩივრის/განცხადების ავტორი უარს იტყვის საჩივარზე, დისციპლინური საბჭო უფლებამოსილია შეწყვიტოს ან მოტივირებული დასაბუთებით გააგრძელოს დისციპლინური დევნა..

-დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში საბჭო გადასცემს მომჩივანს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 9.  დისციპლინური წარმოების შეჩერება და გადადება

 9.1. დისციპლინური წარმოების შეჩერება შესაძლებელია, თუ საქმის შესწავლის დროს მოპოვებული მასალა ცხადყოფს, რომ პირს შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, საქმე უნდა წარიმართოს სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოში.

9.2. დისციპლინური წარმოების გადადება შესაძლებელია, თუ განცხადების/საჩივრის შესწავლის პერიოდში წარმოიშვა ობიექტური სირთულეები ან დაბრკოლებები (პირის ავადმყოფობა ან სხვა შემთხვევები), რაც შეუძლებელს ხდის საქმის წარმოების გაგრძელებას.

9.3. დისციპლინური დევნის შეჩერების ან გადადების მიზეზის აღმოფხვრის მომენტიდან საქმის განხილვა განახლდება.

მუხლი 10.  განცხადების/საჩივრის განხილვის წესი

 10.1. დისციპლინურმა საბჭომ განცხადება/საჩივარი უნდა განიხილოს სამართლიანად და მიუკერძოებლად, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით.

10.2. დისციპლინური ორგანოს სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური წარმოების მსვლელობაში მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალური. პირს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნას საჯარო სხდომაზე.

10.3. დისციპლინური საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე ან მისი რომელიმე წევრი, რომელიც აირჩევა დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.

10.4. საჭიროების შემთხვევაში, სხდომაში მოანაწილეობის მისაღებად დისციპლინურმა საბჭომ უნდა მოიწვიოს მოწმეები და სხვა პირები, რომელთაც უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი.

10.5.  დისციპლინური საბჭო ვალდებულია მოისმინოს დისციპლინური დამრღვევის ახსნა-განმარტება, რომელსაც უფლება აქვს დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. მხარეებს აქვთ უფლება სრულად წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, წარმოადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებანი, აღძრან შუამდგომლობები დამატებითი მასალების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, აგრთვე ჩვენებების ჩამორთმევის მიზნით, მოითხოვონ სხვა პირების გამოცხადება და სხვა ამ მუხლით გაუთვალისწინებელი მოქმედებების განხორციელება.

10.6.  დისციპლინურ საბჭოს უფლება აქვს, დაკითხოს მხარეები და სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული პირები, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები და ინფორმაცია, გამოიძახოს მოწმეები და განახორციელოს სხვა ქმედებები.

10.7. დისციპლინური საბჭოს სხდომაზე სხდომის მდივანი (რომელიც ირჩევა პირველ სადომაზე დამსწრეთა უმრავლესობით) ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

10.8. პირის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას დისციპლინური საბჭო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.  განსხვავებული აზრი ფორმდება წერილობით და თან ერთვის გადაწყვეტილებას.

მუხლი 11.  დისციპლინური დამრღვევის მონაწილეობა საქმის განხილვაში

 11.1. დისციპლინურმა ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დისციპლინური დამრღვევის განხილვის სხდომაზე დასწრება.

11.2. თუ პირი არ ცხადდება განხილვის სხდომებზე, სხდომა უნდა გადაიდოს 10 დღით. თუ პირი მეორედ არ ცხადდება დანიშნულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით, დისციპლინური საბჭო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე დისციპლინური დამრღვევის დასწრების გარეშე; აგრეთვე, სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, გამოიტანოს გადაწყვეტილება და დააკისროს დისციპლინური სახდელი.

11.3. თუ პირი ვერ ცხადდება განხილვის დისციპლინური  საბჭოს სხდომაზე მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით, დისციპლინურმა საბჭომ უნდა შეაჩეროს საქმის განხილვა.

11.4. საქმის განხილვის შეჩერების მიზეზის ამოწურვის შემდეგ, დისციპლინური საბჭო განაახლებს საქმის განხილვას. საქმის განხილვის განახლების შემდეგ დამრღვევის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას.

მუხლი 12.  დისციპლინური სახდელების დაკისრება

 12.1. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას დისციპლინური საბჭო ვალდებულია გაითვალიწინოს დარღვევის (დარღვევების) სიმძიმე და ხარისხი, მიყენებული (ან შესაძლო) ზიანი. ასევე დარღვევის განმეორებითი ხასიათი. პირის პასუხისმგებლობა იზრდება დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ხარისხის პროპორციულად ან ნორმების განმეორებითი დარღვევისას; თუ პირის მიერ დადასტურდა დისციპლინური დარღვევა და მას ადრე დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დისციპლინურ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ.

12.2. დაუშვებელია  სახდელის დაკისრება დარღვევისათვის, რომელზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება.

12.3. გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ აუცილებლად უნდა იყოს  დასაბუთებული და ემყარებოდეს შესაბამისი წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

მუხლი 13.  დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება

 13.1.  გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

-დისწიპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;

-დისციპლინური საბჭოს შემადგენლობას;

-საქმის განხილვის თარიღს;

-დისციპლინური დამრღვევის სახელს, გვარს და სტატუსს;

-დისციპლინური დევნის დაწყების და დისციპლინური სახდელის დაკისრების თარიღს;

-დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს;

-დისციპლინური დარღვევის არსსა და დისციპლინური დამრღვევის შეპასუხებას;

-გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს;

-დისციპლინური დარღვევის სახესა და დაკისრებული დისციპლინური სახდელის სახეს;

-დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, საჩივრის/განცხადების უარყოფის, ან დისციპლინური სახდელის        დაკისრების საფუძველს.

მუხლი 14.  შეტყობინება დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ

14.1. დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი ეგზავნება დისციპლინურ დამრღვევს გადაწყვეტილების გამოტანიდან ხუთი (5 სამუშაო დღე) დღის განმავლობაში.

14.2.  გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს დისციპლინური დამრღვევის პირად საქმეს.

მუხლი 15. დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

 15.1. დისციპლინური დამრღვევი უფლებამოსილია გაასაჩივროს დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში.

 მუხლი 16. დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება

 16.1. დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებები ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვილსთანავე ან გასაჩივრების შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე.

16.2. უს ჯორჯიას რექტორი ან  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია აღასრულოს გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლიდან ერთი  თვის ვადაში. აკადემიური/მოწვეული, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის  მიმართ დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება ხდება რექტორის ბრძანებით.

16.3.  სტუდენტის მიმართ დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება ხდება ფაკულტეტის დეკანის მიერ, ხოლო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის წარდგინებით და რექტორის ბრძანებით.

მუხლი 17. სახდელის მოქმედების ვადები

 17.1. სახდელები: შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური,  მოქმედებს მხოლოდ გარკვეული ვადით, რომლის ამოწურვამდეც დისციპლინური დამრღვევი ითვლება დისციპლინურ სახდელშეფარდებულად.

17.2.  თუ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში პირი არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას შენიშვნა ძალას კარგავს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი  თვის შემდეგ, საყვედური – ექვსი  თვის შემდეგ, მკაცრი საყვედური – ერთი  წლის შემდეგ. 

მუხლი 18.  წახალისების სახეები

 18.1.  უს ჯორჯიას თანამშრომელთა წახალისება ხდება მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისათვის, უს ჯორჯიაში ხანგრძლივი და სამაგალითო მუშაობისათვის და პერსონალის შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

18.2. წახალისების სახეებია:

  1. პრემია;
  2. მატერიალური და არამატერიალური ჯილდოები;
  3. მადლობის გამოცხადება;
  4. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;
  5. სხვა წახალისების სახეები.

18.3. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.

18.4. წახალისება ცხადდება რექტორის ბრძანებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მისი საჯაროობა.

 თავი III. პლაგიატი

 მუხლი 19. პლაგიატის პრევენციისა და აღმოჩენის მექანიზმები

 19.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია სასწავლო და კვლევით საქმიანობას აფუძნებს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პასუხისმგებლობით ეკიდება სხვათა ინტელექტუალური შრომისა და საავტორო უფლებების დაცვას. შესაბამისად,  შემუშავებული აქვს პლაგიატისგან  თავის  არიდების  პოლიტიკა.

19.2.  უს ჯორჯია პლაგიატად განიხილავს ყველა იმ შემთხვევას, სადაც ავტორები, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, ახდენენ სხვათა მოსაზრებების, იდეების, ვიდეო, აუდიო, ან სხვა ტიპის ვიზუალური მასალის და ა.შ საკუთარ ნაშრომებში  სათანადო წესით დამოწმების გარეშე მოტანას.

19.3. პლაგიატისაგან თავის არიდების, მისი პრევენციის, გამოვლენის და  ასევე, ამ კუთხით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლების მიზნით, უს ჯორჯიას შემუშავებული აქვს შემდეგი მექანიზმები:

ა. სასწავლო პროგრამების სილაბუსებში ჩადებულია შესაბამისი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მიერ სწავლების პროცესში სტუდეტთა ცნობიერების ამაღლებას – სხვათა ინტელექტუალური შრომის პატივისცემას და მათი ნააზრევის ან სხვა შემოქმედებითი და კვლევითი პროდუქტის საკუთარ კვლევებში ადეკვატური წესით დამოწმების საჭიროებას;

 ბ. ბაკალავრიატის საფეხურზე ისწავლება შესაბამისი სავალდებულო სასწავლო კურსი (აკადემიური წერა), რომლის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ პლაგიატისგან თავის არიდების გზებს, ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წყაროების შესაბამისი სტილით დამოწმების (ციტირება, რეზიუმირება და პარაფრაზირება)  წესებს;

გ. უს ჯორჯიას შემუშავებული აქვს აკადემიური საბაკალავრო ნაშრომების გაფორმების ერთიანი უნიფიცირებული წესი; აღნიშნული წესები განთავსებულია ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია  ნებისმიერი  მსურველისთვის;

დ.  პლაგიატის გამოვლენის კუთხით უს ჯორჯიაში, ასევე, მოქმედებს საბაკალავრო ნაშრომების შემოწმების კოლეგიალური შეფასების სისტემა;

მუხლი 20. პლაგიატისაგან თავის არიდების და გამოვლენის მექნიზმები აკადემიური პერსონალისთვის

 20.1. უს ჯორჯია, თავისი აკადემიური პერსონალისგან, ასევე, ითხოვს უს ჯორჯიას სახელით წარმოებული კვლევები განხორციელდეს კვლევით კეთილსნდისიერების პრინციპების დაცვით. დაუშვებელია, საკუთარ კვლევებში სხვისი ნააზრევის, თეორიის, კვლევის, იდეის, აუდიო და ვიზუალური მასალის უს ჯორჯიას მიერ შემუშვებული დამოწმებისა და ციტირების წესების გარეშე გამოყენება. 

20.2. აღნიშნულის პრევენციისათვის უს ჯორჯია სარგებლობს კოლეგიალური შეფასების სისტემით-უზრუნველყოფს  ქართულენოვანი სამეცნიერო მონოგრაფების, პუბლიკაციების და სხვა ტიპის კვლევების ანონიმურ რეცენზირებაზე გაგზავნას, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში; ეთიკის კომიტეტი, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის ან აკდემიური პერსონალის შრომებში, გამოვლინდა პლაგიატი, განიხილავს  არსებულ შემთხვევას და ატარებს შესაბამის ღონისძიებას.

ა. სტუდენტის შემთხვევაში საყვედურის გამოცხადება და მიღებული შეფასების განულება;

ბ.  აკდემიური პერსონალის შემთხვევაში – საყვედურის გამოცხადება, თუ ეს პლაგიატის პირველი შემთხვევაა, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – შრომითი ხელკშეკრულების შეწყვეტა;

მუხლი 21. ეთიკის კომიტეტი

 21.1. უს ჯორჯიაში აკადემიური პერსონალის მიერ კვლევების განხორციელებისას კეთილსინდისიერების შემოწმებისა და  სტუდენტთა მიერ აკადემიური ნაშრომების შესრულებისას პლაგიატის აღმოჩენისა და შემდგომი რეაგირების მიზნით იქმნება  ეთიკის კომიტეტი.

21.2. ეთიკის კომიტეტი არის უს ჯორჯიას ძირითადი სტრუქტურული ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან, ასევე უს ჯორჯიას ადმინისტრაციიდან, ბიბლიოთეკიდან, სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან რექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელი/საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს პირველ სხდომაზე, წევრთა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.

მუხლი 22. ეთიკის კომიტეტის უფლება-მოვალეობები:

-კვლევის პროტოკოლისა და კვლევაში მონაწილეებისათვის განკუთვნილი ინფორმირებული თანხმობის და სხვა მასალების განხილვა;

-კვლევის დამტკიცება (აღიარება);

-სამეცნიერო კვლევაში ჩართული პირების დაცვა კვლევითი ეთიკის პრინციპებისა და რეგულაციების გათვალისწინებით;

-უს ჯორჯიაში მიმდინარე კვლევების პროგრესის მონიტორინგი და პერიოდული (წლიური) განხილვა;

-მიმდინარე კვლევაში შესული ნებისმიერ ცვლილების შესწავლა და დამტკიცება;

-სტრატეგიის შემუშავება რათა უს ჯორჯიამ უკეთ შეძლოს სამეცნიერო კვლევის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელება რაც ასევე შესაბამისობაში იქნება უს ჯორჯიას სტრატეგიული განვითარების გეგმასთან;

-ახალი კვლევების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, პოტენციურ კვლევებზე ინფორმაციის მოძიება და გავრცელება;

-კვლევის პუბლიკაციის ხელშეწყობა და მისი შედეგების გავრცელება როგორც უს ჯორჯიას შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ;

-სამეცნიერო კონფერენციებზე წარსადგენი მასალის განხილვა და აღიარება;

-პლაგიატთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 23. დასკვნითი დებულებები

 23.1  წინამდებარე ეთიკის კოდექსი ძალაში  შედის უს ჯორჯიას სენატის დამტკიცებისთანავე და მას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა;

23.2. ეთიკის კოდექსში შესული ნებისმიერი სახის ცვლილება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და უნდა დამტკიცდეს უს ჯორჯიას სენატის ცვლილების ან დამატების სახით.

სხდომის თავმჯდომარე:                            

სალომე პირველი

სხდომის მდივანი:                                     

მაია ადვაძე