სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (PDF)

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია (შემდგომში – უს ჯორჯია) სასწავლო პროცესს წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესისა და უს ჯორჯიაში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.2. წინამდებარე წესი შემუშავებულია ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, ”უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების, „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანების, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბერის № 224/ნ ბრძანებისა და „საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების საფუძველზე.
1.3. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, დამატებითი სემესტრის აღების, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესს, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღებისა და ჩარიცხვის წესებს, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სტუდენტების შემდგომი განათლების უზრუნველყოფის წესებს, მომსახურების ხელშეკრულების არსებით შემადგენელ პირობებს, სტუდენტისათვის წაყენებულ აკადემიურ მოთხოვნებს, სტუდენტის შეფასების სისტემას, ინფორმაციას სწავლებისა და სწავლის ფორმებისა და მეთოდების
შესახებ.
1.4. უს ჯორჯიაში სწავლების ძირითადი ენა არის ქართული, ხოლო სხვა ენაზე სწავლება (უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება), გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1.5. უს ჯორჯიაში სასწავლო პროცესის ორგანიზებას/მართვას ახორციელებენ: რექტორი, ვიცე რექტორი, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური, საგანმანათლებლო ერთეულ(ებ)ი – ფაკულტეტ(ებ)ი და მის სტრუქტურაში შემავალი სპეციალისტები.

თავი II  სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის წესები

მუხლი 2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო).
2.1. სტუდენტის სტატუსის მოპოვება უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ (საბაკალავრო) საფეხურზე ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მობილობის საფუძველზე ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის შესაბამისად.
2.2. უს ჯორჯიაში სტუდენტის სტატუსის მოპოვების წესები დადგენილია ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და ხორციელდება განურჩევლად ეროვნების, რასის, სქესის, სოციალური მდგომარეობის, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსისა. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია.
2.3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელ ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას
მოიპოვებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში შესაბამის ფაკულტეტზე/საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2.4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტმა უნდა მიმართოს უს ჯორჯიას რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში.
2.5. რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება რექტორის აქტით. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს უს ჯორჯიას ოფიციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
2.6. აბიტურიენტის უს ჯორჯიაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენის შემდეგ (ვაჟების შემთხვევაში).
2.7. რეგისტრაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე რექტორი გამოსცემს ბრძანებას უს ჯორჯიაში აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მინიჭების შესახებ და დებს მათთან ჩარჩო ხელშეკრულებას და ყოველი სემესტრისათვის სემესტრულ ხელშეკრულებას.
2.8. რექტორის სამართლებრივი აქტი გამოიცემა არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
2.9. აბიტურიენტი, რომელიც არ მიმართვს უს ჯორჯიას რეგისტრაციისთვის გათვალისწინებულ ვადებში, უფლებამოსილია მიმართოს უს ჯორჯიას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის პირველ ივნისამდე. უს ჯორჯიას რექტორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და
გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უს ჯორჯიაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების
შესაძლებლობას.
2.10. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უს ჯორჯიაში პირის ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი პროცედურებით და წინამდებარე წესის IV თავის შესაბამისად.

მუხლი 3. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

3.1. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება უს ჯორჯიასა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე;
3.2. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება უს ჯორჯიას სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში;
3.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N10/ნ (04.02.2010 წ.) ”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის
სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
3.4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
3.4.1 პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);
3.4.2 უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლით
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
3.4.3 ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა;
3.4.4 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
3.4.5 ფინანსური დავალიანება;
3.4.6 ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
3.4.7 დისციპლინური გადაცდომა;
3.5. სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში სტუდენტსა და უს ჯორჯიას შორის მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეჩერებულია;
3.6. სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, დაწესებულება და სტუდენტი თავისუფლდებიან უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.

მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

4.1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შეიძლება უკავშირდებოდეს უს ჯორჯიას საგანმანათლებლო (საბაკალავრო) პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას;
4.2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება რექტორის ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან;
4.3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.4. სტუდენტის სტატუსი წყდება მობილობით სხვა უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში გადასვლისას და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ან უს ჯორჯიას სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4.5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
4.5.1. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება განათლების კონკრეტულ საფეხურზე;
4.5.2. პირადი განცხადება;
4.5.3. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
4.5.4. სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შეურაცხყოფა, მათ მიმართ უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება და ძალადობა.
4.5.5. შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.
4.5.6. ქმედუუნაროდ ცნობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4.5.7. გარდაცვალება ან გარდაცვლილად აღიარება;
4.5.8. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
4.6 სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება, რაც იწვევს სტუდენტთან დადებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოშლას. აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან.

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

5.1. სტატუსშეჩერებული სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი განცხადების საფუძველზე ან/და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი;
5.2. სტუდენტის სტატუსის აღდგენისას მოხდება პირის მიერ ათვისებული სასწავლო კურსების მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა და სწავლის გაგრძელების უფლება მიეცემა მის მიერ დაგროვილი კრედიტების შესაბამისი სემესტრიდან;
5.3. სტატუსშეჩერებული სტუდენტი წერს განცხადებას უს ჯორჯიას რექტორის სახელზე, განცხადება გადაეცემა ფაკულტეტის დეკანს, რომლის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა და ფორმდება ახალი მომსახურების ხელშეკრულება სწავლის იმ საფასურით, რომელიც დადგენილია სტატუსის აღდგენის პერიოდისათვის;

მუხლი 6. დამატებითი სემესტრი

6.1. სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო (საბაკალავრო) პროგრამით გათვალისწინებულ ვადებსა და თვითდაფინანსების ფარგლებში განმეორებით მოისმინოს ცალკეული სასწავლო კურსები სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ოდენობით ან მიმართოს რექტორს მთლიანად სემესტრის/სემესტრების სასწავლო კურსების განმეორებით გავლის შესახებ;
6.2. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს საბაკალავრო პროგრამა მომდევნო სემესტრის/სემესტრების განმავლობაში.
6.3. დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად.

მუხლი 7. ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა

7.1. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ სტუდენტს მისი ინტერესებისა და აკადემური მომზადების დონის შესაბამისად შესაძლებელია შეეთავაზოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შემუშავებაშიც პირადად მიიღებს მონაწილეობას.
7.2. ერთ სასწავლო წელს ინდივიდუალური საგანამნანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

მუხლი 8. მობილობა

8.1. უს ჯორჯიაში მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადებში და ამ წესის შესაბამისად;
8.2. სტუდენტთა მობილობა არის სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
8.3. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში;
8.4. დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
8.5. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე,
დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად;
8.6. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი ან პირი, რომელსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ასევე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავს, ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება;
8.7. სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში 2-ჯერ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში და მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების შესაბამისად;
8.8. უს ჯორჯიას სხვადასხვა სასწავლო პროგრამებზე სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლის, ისევე როგორც უს ჯორჯიას შიგნით სხვადასხვა პროგრამებზე ან ფაკულტეტებზე გადასვლის პროცესს არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა და წინამდებარე წესი;
8.9. მობილობის მსურველი, რომელიც უს ჯორჯიას მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით უს ჯორჯიას ადმინისტრაციას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
8.10. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება წინამდებარე წესის IV თავის შესაბამისად. ამ პირების ჩარიცხვა დასაშვებია მობილობისათვის დარეგისტრირებული ადგილების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
8.11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N10/ნ (04.02.2010 წ.) ”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის
სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ ბრძანებით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. პირი, რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ეთვლება, ასევე განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.

მუხლი 9. შიდა მობილობა

9.1 სტუდენტს უფლება აქვს სწავლების პერიოდში შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა;
9.2 შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს უს ჯორჯია. შიდა მობილობა ცხადდება რექტორის ბრძანების საფუძველზე;
9.3 შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი;
9.4 შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
9.5 უს ჯორჯიას ფარგლებში ერთი პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლა პირადი სურვილის ან პროგრამის გაუქმების შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. ამისთვის სტუდენტი წერს განცხადებას ფაკულტეტის დეკანის სახელზე, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი პროგრამიდან რომელ პროგრამაზე სურს გადასვლა.
9.6 შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხორციელდება ამ წესის მე-11, მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესის შესაბამისად.
9.7 შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი განიხილავს სტუდენტის მიერ შესწავლილ სასწავლო კურსებს (კრედიტებს), ადარებს მას ახალი პროგრამის სასწავლო კურსთან და კრედიტებთან და ადგენს სტუდენტის მიერ ჩასაბარებელი განსხვავებული სასწავლო კურსების ჩამონათვალს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც წარუდგენს უს ჯორჯიას რექტორს.

მუხლი 10. მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა

10.1 უს ჯორჯია, როგორც მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტს, სტუდენტის განცხადებას და თანხმობას აღიარებული კრედიტებისა და განსაზღვრული სემესტრის შესახებ, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ცენტრი ამოწმებს ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას საკანონმდებლო მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ.
10.2 მობილობით სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ.
10.3 ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე უს ჯორჯიას რექტორის მიერ გამოიცემა შიდა მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი/ბრძანება, რომელიც ორი კვირის ვადაში ეგზავნება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
10.4 შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში.
10.5 რეესტრის მონაცემების საფუძველზე, შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.

თავი III. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი

მუხლი 11. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა

11.1. აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
11.2. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების აღიარება შესაძლებელია განხორციელდეს სტუდენტის პირადი საქმის ან/და სტუდენტის მიერ შესწავლილი საგანმანათლებლო პროგრამისა (კურიკულუმი) და სასწავლო კურსების (სილაბუსები) შინაარსობრივი შესწავლის საფუძველზე;
11.3. საგანმანათლებლო პროგრამის (მიღებული კრედიტების) აღიარების დროს ხდება სტუდენტის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული სასწავლო კურსების კრედიტების შედარება უს ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებთან;
11.4. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და უს ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა:
ა) მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად;
ბ) თუ ერთი და იგივე სასწავლო კურსისთვის მიმღები ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ECTS კრედიტი განსხვავებულია, აღიარება ხდება მიმღები ფაკულტეტის პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების შინაარსობრივი თავსებადობის გათვალისწინებით.
11.5. სასწავლო კურსების კრედიტების აღიარებისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსებში მითითებული სწავლის მიზნები და შედეგები, მათი შესაბამისობა ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან (დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები);
11.6. უს ჯორჯია უფლებამოსილია გასაუბრების საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობა;
11.7. სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უს ჯორჯიას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით, შესაძლებელია აღიარებული იქნეს არჩევითი ან თავისუფალი კრედიტის სახით იმ შემთხვევაში, თუ უს ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს არჩევით ან თავისუფალ კომპონენტს;
11.8. აღიარების გარეშე დარჩენილი კრედიტები, სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, აისახება დიპლომის დანართში;
11.9. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის დასახელება და კრედიტების რაოდენობა ემთხვევა სტუდენტის სასურველი პროგრამის სასწავლო კურსის დასახელებასა და კრედიტს, მაშინ სასწავლო კურსის აღიარება ხდება ავტომატურად;
11.10. საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის დადგენისა და კრედიტების აღიარების შედეგად განისაზღვრება კრედიტების რაოდენობა, რომელიც სტუდენტს უღიარდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის და რომლის მიხედვითაც დგინდება საგანმანათლებლო პროგრამის რომელი სემესტრიდან აგრძელებს სწავლას სტუდენტი;

მუხლი 12. სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება

12.1. შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და ადგენს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესაძლებლობის შესახებ;
აღიარებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე, სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია სწავლა განაგრძოს შესაბამისი სემესტრიდან.
12.2. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველმა პირმა უს ჯორჯიას წარუდგინა ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არ არის შესრულებული ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისად, უს ჯორჯიას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი უფლებამოსილია მობილობის მსურველ პირს მოსთხოვოს
ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითონ გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით და მოახდინოს გადაყვანა შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ საგანმანათლებლო პროგრამა შესრულებულია ასტონომიულ საათებში, ცალკეული სასწავლო კურსის საერთო რაოდენობა მრავლდება 3-ზე და იყოფა ერთი კრედიტის ეკვივალენტზე საათებში, ანუ 25-ზე. მაგ., თუ ასტრონომიულ საათებში საგნის დატვირთვა შეადგენს 60 საათს, ის მრავლდება 3-ზე და იყოფა 25-ზე: 60×3/25=7,2, დამრგვალებით შეესაბამება 7 კრედიტს;
ბ) თუ სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასება შეესაბამება 5-ბალიან სისტემას, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა 100 – ქულიან შეფასების სისტემაზე შემდეგი პრინციპით:
ა) შეფასება 5 /ფრიადი/ პირობითად ჩაითვალოს – A 91 (ფრიადი) შეფასებად;
ბ) შეფასება 4 /კარგი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ – C 71 (კარგი) შეფასებად;
გ) შეფასება 3 /დამაკმაყოფილებელი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ D 61 (დამაკმაყოფილებელი) შეფასებად;
დ) შეფასება „ჩაეთავალა“–ს გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით: 5 ბალიანი შეფასების სისტემით გამოცდებზე მიღებული შეფასებების 100–ქულიანი შეფასების სისტემაზე მოდიფიცირების შედეგად მიღებული ქულების საერთო ჯამი (შეკრებილი ციფრი), იყოფა ამ სასწავლო კურსების რაოდენობაზე და მიღებული ციფრი ჩაითვლება „ჩათვლით“ დამთავრებული სასწავლო კურსის შეფასების ეკვივალენტად; მაგ. 81(4)+91(5)+71(4)+71(4)+91(5)+81(4)=486/6=81 (B).
12.3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნას სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.
12.4. პროგრამების თავსებადობა/შესაბამისობა ფორმდება ფაკულტეტის დეკანის მიერ წარმოდგენილი კრედიტების აღიარების დასკვნის საფუძველზე გამოცემული რექტორის სამართლებრივი აქტით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღებ საგანმანათლებლო
პროგრამასთან, ასევე აღიარებული/თავსებადი კრედიტების რაოდენობა, და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია სტუდენტისათვის შეთავაზებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესახებ.
12.5. უს ჯორჯია კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის თაობაზე და სტუდენტის ჩარიცხვა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
12.6. კანონმდებლობით დადგენილი წესით უს ჯორჯიაში ჩარიცხული სტუდენტის მოთხოვნით უს ჯორჯია ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანამანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ საქართველოში ლიცენზირებულ ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების თავსებადობას და ცენტრის მომართვის საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
12.7. ცენტრის მომართვის საფუძველზე 10 დღის ვადაში უს ჯორჯია ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანამანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

თავი IV. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღებისა და ჩარიცხვის წესი

მუხლი 13. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

13.1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
13.2. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
13.3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
13.4. საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ
არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების კანდიდატების მიღების წინაპირობები:

14.1.ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში აბიტურიენტი/სტუდენტი აბარებს გამოცდას ტესტირების სახით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში.
14.2. ენის/ენების გამოცდიდან თავისუფლდება აბიტურიენტი/სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს ან/და უცხოეთში/საქართველოში საბაზო/სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
14.3. ენა/ენების ფლობის შემოწმების მიზნით ტესტირება ტარდება წერილობითი სახით.

მუხლი 15. ტესტირების ჩატარების ვადები და პროცედურა

15.1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება ტარდება უს ჯორჯიაში მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემამდე. ტესტირების ჩატარების ვადები და პროცედურა განისაზღვრება შპს
უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი საგამოცდო კომისიის მიერ.
15.2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ქართული ენის ტესტების მომზადებას და ნაშრომების გასწორებას ახორციელებს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი საგამოცდო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ტესტის სისწორესა და გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე. იმ პირთათვის, რომელიც წარმოადგენს ენის/ენების ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს ან/და უცხოეთში/საქართველოში საბაზო/სრული, ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/უმაღლესი განათლების შესაბამისი
კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ენის/ენების გამოცდიდან განთავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი საგამოცდო კომისია.
15.3. გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი საგამოცდო კომისია.

მუხლი 16. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები:

16.1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე – შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტები/სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა
განცხადებით უნდა მიმართოს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორს პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორის წერილობითი თანხმობა პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე – სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, ენის ცოდნის შეფასების მიზნით ჩატარებულ ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ, გაიცემა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე.
16.2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე – სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არსებობის შემთხვევაში ნიშნების ფურცლით (აპოსტილით დამოწმებული). საბაკალავრო პროგრამის მე-2-ე – მე-3 – მე-4-ე წელს გადმოსვლის შემთხვევებში – ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი ნიშნების ფურცლით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება და სასწავლო ბარათი (აპოსტილით დამოწმებული ასლი);
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ნიშნების ფურცელით (აპოსტილით დამოწმებული) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა
დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი;
ვ) 4 ფოტოსურათი 3X4 (ელექტრო ვერსია);
ზ) პასპორტის ასლი (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
16.3. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

მუხლი 17. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების შედეგები.

17.1. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოიცემა რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე, რის საფუძველზეც მხარეებს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
17.2. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდენის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანომდებლობით დადგენილი წესით.
17.3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის შემდეგ, სტუდენტთა პირადი საქმეების გათვალისწინებით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი.
17.4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებულ პროცედურებს უზრუნველყოფს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას უცხოელ სტუდენთა მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის ფუნქციებს ამ წესის შესაბამისად შეიმუშავებს უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს უს ჯორჯიას რექტორს.

თავი V. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შემდგომი განათლების უზრუნველყოფის წესი

მუხლი 18. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შემდგომი განათლების უზრუნველყოფა

18.1. სწავლის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, პროგრამის დახვეწის, უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში – ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უზრუნველყოფის მიზნით, უს ჯორჯიამ შეიძლება შეცვალოს ან გააუქმოს საგანმანათლებლო
პროგრამა, ხოლო სტუდენტმა შეიძლება გადაწყვიტოს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, უს ჯორჯიასათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფა.
18.2. უს ჯორჯიას ფარგლებში სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებით სარგებლობას უზრუნველყოფს უს ჯორჯიას შესაბამისი ფაკულტეტი ამ წესით დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობისა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების პირობების შესაბამისად;
18.3. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება შესაძლებელია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ირიცხება არც ერთი სტუდენტი;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა აღარ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
18.4. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უს ჯორჯიას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით სენატი. პროგრამის გაუქმების შესახებ რექტორი გამოსცემს ბრძანებას.
18.5. უს ჯორჯიაში რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სტუდენტთა ინტერესების დაცვისა და შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური ვალდებულია შეისწავლოს გასაუქმებელი
საგანმანათლებლო პროგრამის თავსებადობა მომიჯნავე/მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამასთან გაერთიანების ან ახალი საგანმანათლებლო პროგრამით ჩანაცვლების შესაძლებლობის საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს სენატს.
18.6. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით უს ჯორჯია მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და ვალდებულია:
ა) სტუდენტს შესთავაზოს ECTS (კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემა) კრედიტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები;
ბ) სტუდენტს შესთავაზოს მობილური და მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება ისეთი სასწავლო კურსები/მოდულები, რომელიც შესაბამისობაში იქნება სხვა პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში;
გ) საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათ მიერ რეალიზებული რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სტუდენტების ინფორმაციით უზრუნველყოფა;
დ) გააცნოს სტუდენტს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის წესი, ვადები და პირობები.
18.7. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით უს ჯორჯია მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს სტუდენტების ინფორმირება არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათ მიერ მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
ბ) სტუდენტის შუამდგომლობის საფუძველზე უშუალოდ აწარმოოს მოლაპარაკებები საქართველოში ავტორიზებულ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებებთან, რომლებიც ახორციელებენ უს ჯორჯიას მიერ გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის მსგავს საგანმანათლებლო პროგრამას და სსიპ ”განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან”, სტუდენტის მობილობის უზრუნველსაყოფად.
18.8. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია, სწავლა გააგრძელოს შეცვლილ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებად საგანმანათლებლო პროგრამაზე შეცვლილი ან გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების აღიარებით.

თავი VI. სასწავლო პროცესი

მუხლი 19. აკადემიური წელი

19.1. აკადემიური წელი მოიცავს 42 კვირას;
19.2. უს ჯორჯიაში სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად: შემოდგომის და გაზაფხულის. თითოეული სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 21 კვირას;
19.3. სემესტრში კვირები ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად;
19.4. უს ჯორჯია ისვენებს საქართველოს შრომის კანომდებლობით დადგენილ უქმე დღეებში.

მუხლი 20. საბაკალავრო პროგრამები

20.1. უს ჯორჯია ახორციელებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას;
ბ) (ამოღებულია);
20.2. ბაკალავრიატის საგანამანათლებლო პროგრამის შემუშავების წესი და პირობები განისაზღვრება უს ჯორჯიას ბაკალავრიატის დებულებით.

თავი VII. შეფასების სისტემა

მუხლი 21. სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა)
21.1. უს ჯორჯიაში მოქმედებს ტრანსფერისა და კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემა, რომელიც ეფუძნება ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას;
21.2. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში.
21.3. სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:
ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას/სემინარებს, პრაქტიკულ და სხვა მეცადინეობას;
ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;
გ) სასწავლო, საწარმოო პრაქტიკას;
დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;
ე) დამოუკიდებელ მუშაობას;
ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, სადიპლომო, საბაკალავრო, ნაშრომი) მუშაობას;
ზ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას.
21.4. კრედიტების განაწილება
21.4.1. კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კომპონენტს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისათვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათებს. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ საკონტაქტო საათების
მიხედვით;
21.4.2. სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი;
21.4.3. ერთი კრედიტი (ESTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 საათის განმავლობაში და მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს.
21.4.4. კრედიტთა განაწილება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს შორის ეფუძნება საშუალო აკადემიური მიღწევის მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენილი სწავლის შედეგის მისაღწევად.
21.4.5. კრედიტის გაანგარიშებისას არ უნდა იყოს გათვალისწინებული დამატებითი გამოცდისათვის (მომზადება, ჩაბარება, შეფასება) განსაზღვრული დრო, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან საკონსულტაციო დრო.
21.4.6. ერთი და იგივე შინაარსის, მოცულობისა და სწავლის შედეგების მქონე სასწავლო კომპონენტი ყველა პროგრამის სტუდენტებისათვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტს.
21.5. სასწავლო კვირა/სემესტრი/წელი
21.5.1. სასწავლო კვირა არის დროის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება საშუალო აკადემიური მიღწევის მქონე სტუდენტის სასწავლო დატვირთვა და მოიცავს, როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებლად შესასრულებელი აქტივობების ერთობლიობას.
21.5.2. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/გამოცდებზე სტუდენტების მიღწევის შეფასების პერიოდს, შესაბამისად სემესტი მოიცავს 21 კვირას.
21.5.3. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 1 უწყვეტ კალენდარულ წელს.
21.5.4. ერთი აკადემიური წელი მოიცავს 60 (ESTS) კრედიტს.
21.5.5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა
აღემატებოდეს 75 (ESTS) კრედიტს.
21.5.6. აღდგენილი ან მობილობით გადმოსული სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში შეიძლება მოიცავდეს 75 კრედიტს.
მუხლი 22. სტუდენტის შეფასება
22.1. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს: შუალედურ შეფასებებს (შუალედურ გამოცდას და მიმდინარე სემესტრულ შეფასებას);
დასკვნითი გამოცდის/პროექტის შეფასებას. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება მიმდინარე სემესტრში;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
22.5. შუალედური შეფასება დაყოფილია კომპონენტებად: – პრაქტიკული აქტივობა (სამუშაო ჯგუფში მუშაობა/სემინარული/პრაქტიკული მეცადინეობა, რეფერატის მომზადება-პრეზენტაცია და სხვ.,) შუალედური გამოცდა თითოეულს აქვს თავისი პროცენტული წილი შეფასების სისტემაში;
22.6. 100 ბალიანი სისტემიდან შუასემესტრულ კომპონენტებზე გადანაწილებულია 60 ქულა, ხოლო 40 ქულა ეთმობა დასკვნით გამოცდას. შუასემესტრული კომპონენტებისთვის განსაზღვრული 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.
22.7. კონკრეტული სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასწავლო კურსის განმახორციელებელი განსაზღვრავს სასწავლო კურსის სილაბუსში შუალედური შეფასების ელემენტში შემავალი კომპონენტების შინაარსს, ხვედრით წილს, შეფასების კრიტერიუმებს. სასწავლო კურსის განმახორციელებელი არ იზღუდება სილაბუსში ჰქონდეს შეფასების განსხვავებული კომპონენტები და მათი ხვედრითი წილი სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მუხლი 23. შეფასების კრიტერიუმები

“A” თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა სასწავლო მასალის ყოველმხრივი, ღრმა ცოდნა და გამართულად შეასრულა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ყველა დავალება, აითვისა ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა, დამოუკიდებლად მოიძია ცოდნის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროები;
“B” თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა სასწავლო მასალის ღრმა ცოდნა და გამართულად შეასრულა სასწავლო კურსით გათვალისწინებული დავალებების ძირითადი ნაწილი და ასევე აითვისა ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა.
“C” თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა სასწავლო მასალის სრული ცოდნა და წარმატებით შეასრულა სასწავლო კურსით გათვალისწინებული დავალებები და ასევე აითვისა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ძირითადი ლიტერატურა;
“D” თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა სასწავლო მასალის ცოდნა იმ მოცულობით, რაც საკმარისია შემდგომი სწავლებისათვის; თავი გაართვა სასწავლო კურსით გათვალისწინებული დავალების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას. იგი იცნობს სასწავლო კურსით გათვალისწინებულ სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურას, უნარი შესწევს ამ ცოდნის დამოუკიდებლად შევსება-განახლებისა; გამოამჟღავნა შესწავლილი მასალის თეორიული ცოდნის, გაცნობიერების და გამოყენების უნარი, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები;
“E” თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა სასწავლო მასალის არასრულყოფილი ცოდნა, უძნელდება სასწავლო კურსით გათვალისწინებული დავალებების შესრულება, სრულად არ იცნობს სასწავლო კურსით გათვალისწინებულ ძირითადი ლიტერატურას, გაუძნელდება დამოუკიდებლად მუშაობა, გამოამჟღავნა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების საშუალო დონე;
“FX” თუ სტუდენტმა გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ვერ დააკმაყოფილა სასწავლო კურსის დაუფლებისათვის სავალდებულო მოთხოვნები, ვერ გამოამჟღავნა სასწავლო-საპროგრამო მასალის ცოდნა, დაუშვა პრინციპული შეცდომები სასწავლო კურსით გათვალისწინებული დავალების შესრულების დროს, ბუნდოვანი
წარმოდგენა აქვს რეკომენდებულ ლიტერატურაზე, მაგრამ იგი, ინტენსიური მეცადინეობის შედეგად მოკლევადიან პერიოდში შესძლებს დადებითი შეფასების მიღებას;
“F” თუ სტუდენტს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სასწავლო კურსის შინაარსზე, არ იცნობს სასწავლო კურსით გათვალისწინებულ მასალასა და ძირითად ლიტერატურას, არ შესწევს უნარი დამოუკიდებელი მუშაობით დაეუფლოს დისციპლინას და საჭიროებს სასწავლო კურსის თავიდან შესწავლას.

მუხლი 24. სტუდენტის შეფასებისას წაყენებული აკადემიური მოთხოვნები

24.1. სტუდენტს მხოლოდ სასწავლო კურსის/კომპონენტების წინაპირობების გათვალისწინებით შეუძლია მასზე ბმული სასწავლო კურსების/კომპონენტების გავლა.
24.2. სტუდენტი კრედიტის მისანიჭებლად ვალდებულია გადალახოს სასწავლო კურსის სილაბუსით შეფასების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ა) საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში – სასწავლო კურსის შეფასების თითოეულ ფორმაში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ შემდეგ ოდენობებს:
– პრაქტიკული მეცადინეობების/აქტივობების 40 ქულიდან სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 20 ქულა;
– შუალედური გამოცდის 20 ქულიდან დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 11 ქულას;
– დასკვნითი გამოცდის 40 ქულის მინიმალურ სავალდებულო კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 20 ქულას.
ბ) საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში – პრაქტიკის შეფასების თითოეულ ფორმაში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ შემდეგ ოდენობებს:
– შუალედური შეფასების/პრაქტიკული აქტივობების 60 ქულიდან დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30 ქულას;
– დასკვნითი შეფასება/პრაქტიკის დაცვის 40 ქულის მინიმალური სავალდებულო კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 21 ქულას.
გ) საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში – საბაკალავრო ნაშრომის შეფასების თითოეულ ფორმაში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ შემდეგ ოდენობებს:
– შუალედური შეფასების 60 ქულიდან დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30 ქულას;
– დასკვნითი შეფასება/საბაკალავრო ნაშრომის დაცვის 40 ქულის მინიმალური სავალდებულო კომპეტენციის
ზღვარი შეადგენს 21 ქულას.
24.3. თუ სტუდენტი ვერ გადალახავს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიაში დამტკიცებული სასწავლო კურსით განსაზღვრულ შეფასების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ის მოიხსნება სასწავლო კურსიდან და გაუფორმდება შეფასება “F”, რაც ითვალისწინებს აღნიშნული
სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლას, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე.
24.4. დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის ბოლოს, სასწავლო პროცესის აკადემიური კალენდრით განსაზღვრულ ვადებში;
24.5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელმაც გადალახა შუალედური შეფასების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
24.6. სასწავლო კურსის საბოლოო შეფასება “F”-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია განმეორებით შეისწავლოს სასწავლო კურსი დამატებითი გადასახადის უზრუნველყოფით; მას მხოლოდ აღნიშნულ სასწავლო კურსებში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში შეუძლია წინაპირობების გათვალისწინებით მასზე ბმული სასწავლო კურსების გავლა. “F”-ით შეფასებული სტუდენტი ერთი და იმავე საგნის განმეორებით შესწავლის რაოდენობაში არ არის შეზღუდული;
24.7. სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლის შემთხვევაში მიმდინარე სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასებად ჩაითვლება მისი ბოლო შედეგი;
24.8. FX შეფასების და/ან დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ასევე მიღებული შეფასების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტს ეძლევა გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება დამატებით გამოცდაზე იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდიდან არა ნაკლებ 5 დღეში;
24.9. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებად;
24.10. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგამნანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F- ქულა;
24.11. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, ფინანსური დავალიანების გამო სასწავლო კურსზე (სასწავლო კურსებზე) რეგისტრაციის გაუქმების, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, ან სასწავლო კურსზე (სასწავლო კურსებზე) რეგისტრაციის გაუქმების სხვა შემთხვევების
დროს, სტუდენტი არ თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციის შესაბამისად სემესტრულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული სწავლის საფასურის გადახდისაგან;
24.12. სტუდენტის ჩარიცხვის მომენტისთვის დადგენილი სწავლის საფასური სწავლების სტანდარტული პერიოდის განმავლობაში არ შეიცვლება, გარდა ეროვნული ვალუტის (ლარის) აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი გაუფასურებისა; ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვნად გაუფასურებად ჩაითვლება ლარის აშშ
დოლართან მიმართებაში მინიმუმ 5% დევალვაცია. აღნიშნულ ვადაში შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი და იგი აითვლება სტუდენტის უს ჯორჯიაში ჩარიცხვისა და მისთვის სტუდენტის სტატუსის მინიჭების მომენტიდან.

მუხლი 25. უს ჯორჯიას კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის (ე. წ. GPA–ს) დაანგარიშების წესი

25.1. უს ჯორჯიას კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის დასაანგარიშებლად თავდაპირველად ხდება სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების შესაბამისობის დადგენა GPA–სთან ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით:
შეფასება ქულობრივი მაჩვენებელი GPA
A 91 – 100 4.0
B 81 – 90 3.0
C 71 – 80 2.0
D 61 – 70 1.0
E 51 – 60 0.5
F – FX 0 – 50 0
25.2. უს ჯორჯიას კურსდამთავრებულის დიპლომის საშუალო ნიშნის (GPA) დაანგარიშება ხდება დიპლომის დანართში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემდეგი წესის მიხედვით:
25.3. სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების საშუალო ქულა (GPA) მრავლდება ამ კურსის კრედიტების რაოდენობაზე;
25.4. ამგვარად მიღებულ ნამრავლთა ჯამი იყოფა ყველა სასწავლო კურსის კრედიტების საერთო რაოდენობაზე;
25.5. მიღებული სიდიდე წარმოადგენს დიპლომის საშუალო ქულას (GPA).
25.6. წარჩინების დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის დიპლომის საშუალო ნიშანი (ე. წ. GPA) შეადგენს არანაკლებ 3,5-ს.

მუხლი 26. მომსახურების ხელშეკრულება და სწავლის საფასური

26.1. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, უს ჯორჯიაში სწავლის საფასურს ადგენს რექტორი ბრძანებით;
26.2. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში. სტუდენტთან შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს სწავლის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
26.3. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში სემესტრის შესაბამისად;
26.4. მომსახურების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია სწავლის პირობები, უს ჯორჯიასა და სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები, სწავლის საფასური და ანგარიშსწორების წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები, სადაო საკითხების გადაწყვეტის წესი და სხვა.

თავი VIII. სწავლებისა და სწავლის ფორმები და მეთოდები

მუხლი 27. სწავლებისა და სწავლის ფორმები და მეთოდები

27.1. სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლა – სწავლების შემდეგი ფორმები: ლექცია/ინტერაქციული ლექცია; სამუშაო ჯგუფში მუშაობა, /პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობა; სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა; პრაქტიკა;
27.2. კონკრეტული სასწავლო კურსის თავისებურებების გათვალისწინებით, სასწავლო კურსის განმახორციელებელ ლექტორს შეუძლია სწავლა-სწავლების შემდეგი მეთოდების გამოყენება: ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი; წიგნზე მუშაობის მეთოდი; წერითი მუშაობის მეთოდი; დემონსტრირების მეთოდი; პრაქტიკული
მეთოდები; დისკუსია/დებატები; ჯგუფური (collaborative) მუშაობა; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); ევრისტიკული მეთოდი; შემთხვევის ანალიზი (Case study); გონებრივი იერიში (Brain storming); როლური და სიტუაციური თამაშები; ქეისის განხილვა; კაზუსის ამოხსნა; ელექტრონული სწავლება (E-learning); აუდიოვიზუალური მეთოდი და სხვ.

თავი IX. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობა

მუხლი 28. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობა

28.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას. საგანმანათლებლო პროგრამაში გათვალისწინებულია არჩევითი სასწავლო კურსები, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს უს ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამით
გათვალისწინებული სასწავლო კურსები. საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ვერსიები განთავსებულია უს ჯორჯიას ვებ-გვერდზე;
28.2. საგანმანათლებლო პროგრამებში სემესტრის მიხედვით, გამიჯნულია სავალდებულო და არჩევითი კურსები, პროგრამებში მოცემულია სტუდენტის მიერ შესასრულებელი აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის ძირითად სასწავლო კურსებს და ასევე არჩევით სასწავლო კურსებს. კრედიტების განაწილების შესახებ სტუდენტების ინფორმირება ხდება სემესტრის დაწყებამდე მათ აქვთ შესაძლებლობა თვითონ მიიღონ მონაწილეობა საკუთარი ინდივიდუალური პროფილის შექმნაში.
28.3. არჩევანის გამჭვირვალობის მიზნით, უს ჯორჯიას სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი, საგანმანთლებლო პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სტუდენტთა ინფორმირება სემესტრის დაწყებისთანავე საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი სასწავლო კურსების შესახებ. სტუდენტს შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი/სავალდებულო სასწავლო კურსების გაცნობა და სარეგისტრაციო პერიოდში არჩევანის გაკეთება/დარეგისტრირება შესაბამის ფაკულტეტზე.
28.4. არჩევანის გამჭვირვალობის მიზნით შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ყოველი სემესტრის დაწყებამდე სტუდენტები გადიან სემესტრულ რეგისტრაციას ელექტრონული ფორმით, რა დროსაც ხდება სტუდენტის მიერ, როგორც სავალდებულო, ისე არჩევით სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია.
28.5. უს ჯორჯია იტოვებს უფლებას გაუწიოს სტუდენტს სასწავლო მომსახურება ნებისმიერ სასწავლო კურსზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა თითოეულ სასწავლო კურსზე აღემატება 10-ს, ხოლო უცხოურ ენაზე 8-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში უს ჯორჯია უფლებამოსილია:
ა) ავტომატურად გააუქმოს სასწავლო კურსი მიმდინარე სემესტრში. ასეთ შემთხვევაში გაუქმებული სასწავლო კურისათვის გადახდილი თანხა გადაიტანება დეპოზიტად შემდგომი სემესტრისათვის;
28.6. თავისუფალი კომპონენტი
სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში შეისწავლოს მისთვის საინტერესო კურსები, რაიმე გამაერთიანებელი სქემის გარეშე და შეიძინოს ცოდნა სწორედ იმ საკითხებისა და მიდგომების შესახებ, რომლებიც მის მიზნებსა და ინტერესებს შეესაბამება. თავისუფალი კომპონენტების ფარგლებში კურსების შეთავაზებით უს ჯორჯია უზრუნველყოფს სტუდენტის აკადემიურ თავისუფლებასა და არჩევითობის პრინციპის დაცვას.

თავი X. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება

მუხლი 29. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და კვალიფიკაციის მინიჭება

29.1. უს ჯორჯიაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, ფაკულტეტი, წარმოადგენს უს ჯორჯიას ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადება ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
29.2. საგანმანათლებლო პროგრამა დასრულებულად ითვლება, თუ სტუდენტმა შეასრულა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მოიპოვა პროგრამისთვის სავალდებულო კრედიტების რაოდენობა და მიაღწია საგანმანათლებლო პროგრამით დაგეგმილ შედეგებს.
29.3. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.
აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ გაიცემა აღნიშნულის დამადასტურებელი დიპლომი.
29.4. დიპლომის განუყოფელი ნაწილია დიპლომის დანართი, რომელშიც აისახება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტი შესაბამისი სახელწოდებების, კრედიტების რაოდენობების და მიღებული შეფასებების მითითებით;
29.5. მისანიჭებელი კვალიფიკაციები მითითებულია საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმებში;
29.6. საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის დასრულების შემდეგ, ფაკულტეტის საბჭო შეისწავლის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების პირად საქმეებს, საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესრულების და საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი სავალდებულო კრედიტების მიღების საკითხს, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაციების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
29.7. თუ სტუდენტმა ვერ შეასრულა საგანმანათლებლო პროგრამის ყველა მოთხოვნა ან მას არ აქვს მიღებული საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი კრედიტების სავალდებულო რაოდენობა, მაშინ ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
29.8. თუ სტუდენტს, საგანმანათლებლო პროგრამის ყველა მოთხოვნის შესრულებით მიღებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი კრედიტების სავალდებულო რაოდენობა, მაშინ საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება დასრულებულად და ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო
პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მინიჭებისა და ”წარჩინებით”/”ჩვეულებრივი” დიპლომის გაცემის შესახებ;

მუხლი 30. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი

30.1. სხდომის ოქმში უნდა აისახოს მიღებული გადაწყვეტილება:
ა) კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, პროგრამის კურსდამთავრებულთა სახელების და გვარების და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაციისა და დიპლომის ხარისხის (”წარჩინებით”/”ჩვეულებრივი”) მითითებით);
ბ) კვალფიკაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, პროგრამის სტუდენტების სახელების და გვარების და კვალიფიკაციის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველის მითითებით);
30.2. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაფიის მინიჭების შემთხვევაში პროგრამის კურსდამთავრებულს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულების შედეგად.
30.3. კვალიფიკაციას ადასტურებს რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და შპს უმაღლესი
სასწავლებელი ჯორჯიას ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ.

მუხლის 31. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

31.1. უს ჯორჯიას სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს ამტკიცებს უს ჯორჯიას სენატი.
31.2. წესში შესული ნებისმიერი სახის ცვლილება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და უნდა დამტკიცდეს უს ჯორჯიას სენატის მიერ ცვლილების ან დამატების სახით.
31.3. ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, ძალადაკარგულად ჩაითვალოს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სტუდენტთა სტატუსის მარეგულირებელი წესი.
31.4. ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, ძალადაკარგულად ჩაითვალოს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის და კრედიტების აღიარების წესი.
31.5. ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ჩაითვალოს უს ჯორჯიას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სხვაგვარად აწესრიგებენ ამ წესით გათვალისწინებულ ურთიერთობებს.
31.6. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი ძალაში შედის დამტკიცებისათანავე.

Contact Information: